ფართოვდება არეალი, სადაც საპენსიო ფონდში მოქალაქეების მიერ დაგროვილი თანხის დაბანდება მოხდება.
საპენსიო სააგენტოს შესაძლებლობა ექნება, რომ კომერციული ბანკების შემდეგ საპენსიო დანაზოგები უცხოური საერთაშორისო კომპანიების აქციებშიც განათავსოს. თითქმის ორწლიანი პროცესის შემდეგ შერჩეულია სპეციალიზებული დეპოზიტარი, სადაც ჩვენი დანაზოგებით შეძენილი აქციები შეინახება. ამ სტატუსს „საქართველოს ბანკი“ მიიღებს. საპენსიო ფონდში მოქალაქეთა ხელფასებიდან ყოველთვიური დანაზოგები 2019 წლის იანვრიდან გროვდება. თანხების აქციებში განთავსებას სარგებელთან ერთად გარკვეული რისკებიც ახლავს, რომელზეც პასუხისმგებლობა საპენსიო სააგენტოსთან ერთად ეროვნულ ბანკსაც ეკისრება. თუმცა საკანონმდებლო ბერკეტებიდან გამომდინარე ექსპერტები მინიმალურ რისკებზე საუბრობენ, მთავარ საფრთხეს ისინი გაზრდილ ინფლაციაში ხედავენ.