კოსოვოსა და სერბეთის გამყოფ ხაზზე დაძაბულობა ამ დრომდე რჩება, თუმცა, ვითარება მცირედით განმუხტულია. ღამით ისმოდა სროლისა და განგაშის სიგნალის ხმაც. ვითარების ესკალაცია კოსოვის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელიც სერბეთის მოქალაქეებისთვის კოსოვოში შესვლის წესების ცვლილებას ითვალისწინებს. კერძოდ, სერბეთის მოქალაქეებს კოსოვოში შესასვლელად წინასწარ ნებართვის აღება მოუწევთ. ეს წესი ვრცელდება როგორ საჰაერო, ასევე სახმელეთო საზღვარზეც, სადაც სერბული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების შესვლის შეზღუდვა იგეგმება.
პრიშტინას გადაწყვეტილებამ კოსოვოში მცხოვრები სერბების უკმაყოფილება გამოიწვია. მათ სატვირთო ავტომობილებით გზა ჩახერგეს, რასაც გამყოფ ხაზზე დაძაბულობა მოჰყვა. გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, კოსოვოს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ სანომრე ნიშნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას 2022 წლის პირველ სექტემბრამდე გადადებს. თუმცა, ამის წინაპირობად პრიშტინაში სერბეთის მიერ გამყოფ ხაზზე არსებული ბარიკადების აღება დაასახელა.
ადილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალი რეგულაციების გადადების თხოვნით კოსოვოს ადმინისტრაციას პრიშტინაში აშშ-ის ელჩმა მიმართა. კოსოვოს გადაწყვეტილებას მიესალმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჟოზეფ ბორელი.