უთანხმოება თურქეთ-კვიპროსს შორის

კვიპროსის ქალაქი ფამაგუსტა ქვეყნის მთავრობასა და თურქეთს შორის დაძაბულობის გაზრდის მიზეზი ხდება. თურქეთისგან მხარდაჭერილ კვიპროსელ თურქებს ამჟამად დახურული, ყოფილი ტურისტული ცენტრის გახსნა და ტერიტორიის გამოყენება სურთ, რასაც კვიპროსის ხელისუფლება აპროტესტებს. კვიპროსის კონფლიქტი „დიპლომატების სასაფლაოს“ სახელით არის ცნობილი.

გაერო-ს შუამავლობით გამართული მოლაპარაკების არაერთი რაუნდი წარუმატებლად დასრულდა. თურქეთს კუნძულის ჩრდილოეთით თურქული სახელმწიფოს აღიარება სურს და იმუქრება, რომ ოფიციალური ანკარის თანხმობის გარეშე, კვიპროსი ნატო-ს წევრი ვერ გახდება. კუნძულის ჩრდილოეთით, კვიპროსელი თურქების ადმინისტრაციის დამოუკიდებლობას მსოფლიოში მხოლოდ თურქეთი აღიარებს.