ევროკომისია უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის გეგმას წარადგენს
ბრიუსელში 17 ნოემბერს წარადგენენ გეგმას, რომელიც უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას ითვალისწინებს.
ევროკავშირის ორი ოფიციალური პირის ინფორმაციით, სესხი ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის თავისუფალი რესურსებით იქნება უზრუნველყოფილი. დაფინანსების მთავარი მიზანი მომდევნო წელს უკრაინის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მოსკოვი უკრაინის ინფრასტრუქტურაზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმებს აძლიერებს.
ევროკომისიის შეთავაზებით, სესხის უზრუნველყოფა იმავე მექანიზმით მოხდება, როგორც ეს წინა, 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის შემთხვევაში განხორციელდა.
აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის ლიდერები 26-27 ნოემბერს დაგეგმილ სამიტზე განიხილავენ.
მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს დარჩენილი სახსრების გამოსაყენებლად ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი თანხმობაა საჭირო.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთმა, სლოვაკეთმა, ჩეხეთმა და ბულგარეთმა უკვე მიანიშნეს, რომ უკრაინისთვის განკუთვნილ მომავალ სესხებში მონაწილეობას არ მიიღებენ, წარსულში მათ ამგვარი დაფინანსებისთვის ევროკავშირის ბიუჯეტის გამოყენება არ დაუბლოკავთ.