მარინ ლე პენი აცხადებს, რომ ცდებოდა, როდესაც ერთნაირსქესიანთა ქორწინებასა და ორმაგ მოქალაქეობას ეწინააღმდეგებოდა – „აზრი შევიცვალე და ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი“
საფრანგეთის პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატი მარინ ლე პენი აცხადებს, რომ ცდებოდა, როდესაც კარიერის ადრეულ ეტაპზე ერთნაირსქესიანთა ქორწინებასა და ორმაგ მოქალაქეობას ეწინააღმდეგებოდა.
„პოლიტიკაში ევოლუციონირება შესაძლებელია და ამაში სამარცხვინო არაფერია, საჭიროა მხოლოდ ახსნა, რატომ შეიცვალა მოსაზრება“, – განაცხადა მარინ ლე პენმა.
მისივე განმარტებით, 2022 წელს საპრეზიდენტო კამპანიის დროს როდესაც განაცხადა, რომ არ შეეხებოდა ისტორიულ კანონს, შიშობდა, რომ 2013 წელს მიღებული ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების შესახებ კანონი გამოიწვევდა სუროგაციის ფართოდ გავრცელებას, რასაც დღემდე ეწინააღმდეგება, თუმცა სუროგაცია საფრანგეთში კვლავ აკრძალულია.
კითხვაზე, კიდევ რას ნანობს, მარინ ლე პენმა გაიხსენა საკუთარი წინააღმდეგობრივი პოზიცია ორმაგი მოქალაქეობის ფლობასთან დაკავშირებით.
„დიდი ხნის განმავლობაში, ორმაგი მოქალაქეობის აკრძალვას ვთავაზობდი, ვფიქრობ, შეცდომა დავუშვი. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს შთაბეჭდილებას ვუქმნიდი, თითქოს გარკვეული ეჭვები მაქვს საფრანგეთის მიმართ მათ სიყვარულთან და ერთგულებასთან დაკავშირებით. აზრი შევიცვალე და ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი“, – აღნიშნა ლე პენმა.
ცნობისთვის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ლე პენის პარტია „ეროვნული ფრონტი“ გამოდიოდა ინიციატივით, რომ ორმაგი მოქალაქეობის მფლობელი პირებისთვის, სახელმწიფო თანამდებობების დაკავება ყოფილიყო აკრძალული.