ჯანდაცვის სექტორი ახალ წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებით ხვდება. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი სიახლე დიარჯის, ანუ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით კლინიკების დაფინანსების მეთოდია. რეფორმამ ორთვიანი გამოსაცდელი პერიოდი უკვე გაიარა და იანვრის ბოლოდან სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ნებისმიერი კლინიკა, რომელიც ანაზღაურების ახალი წესით პაციენტის მკურნალობაზე უარს იტყვის, დაჯარიმდება. ცვლილებებია ფარმაცევტულ ბაზარზეც, მედიკამენტების ღირებულების ზედა ზღვრის დაწესების შემდეგ, აფთიაქები წამალს დადგენილზე მაღალ ფასად ვეღარ გაყიდიან. ჯანდაცვის უწყება 2023 წელს მთავარ პრიორიტეტად მედიკამენტებსა და მკურნალობაზე მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას და ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას ასახელებს.