ცვლილება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში

პარლამენტი შეკრებასა და მანიფესტაციასთან დაკავშირებით ახალ აკრძალვებზე მეორე მოსმენით მსჯელობს. სადავო კანონპროექტს ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს. მათ მიაჩნიათ, რომ ცვლილებები გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს. საპირისპიროს ამტკიცებს მმართველი გუნდი. უმრავლესობა განმარტავს, რომ ახალი შეზღუდვების მიზანი საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა და რისკების შემცირებაა. ცვლილებებით, აქციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აეკრძალებათ – თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას. ამკრძალავი ნორმების დარღვევისთვის გათვალისწინებულია საგნის კონფისკაცია, ფულადი ჯარიმა და ადმინისტრაციული პატიმრობა.

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, საქარათველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება სახალხო დამცველი. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი პროექტით სახეზეა გამოხატვის და შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების გამოყენებით. განცხადებაში ვკითხულობთ: დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა შესაძლებელია გამართლდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი, წონადი ინტერესის დაცვის საჭიროებით, რაც წარმოდგენილ კანონპროექტში არ იკვეთება.