ცხოვრება ჯარის შემდეგ

„რა გზებზე ვიარეთ და სწორზე გვიცურავს ფეხი“

ნაწყვეტი მეთაურის წერილიდან ჯარისკაცისადმი

საქართველოში ნაომრობა 22 ლარით ფასდება. ის ვეტერანები, რომლებმაც 2009 წლის 4 ნოემბრის შემდეგ მიიღეს სტატუსი,  სახელმწიფოსგან  საპენსიო ასაკამდე  ნაომრობის ამ ფასსაც კი ვერ იღებენ.  1000 ლარს მხოლოდ გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი იღებს, ხოლო საკონტრაქტო სამსახურს თუ 20 წელზე ადრე დაანებებ თავს, არც ნამსახურეობის წლები გეთვლება, არც ჯარში მიღებული ცოდნა გამოადგება ვინმეს და არც თავდაცვის ძალები იზრუნებს იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოებაში სრულფასოვან მოქალაქედ შედგე.

თავდაცვის ძალებთან სამსახურის შესახებ კონტრაქტის გაფორმება საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ შეუძლია. გაივლის ჯერ კარანტინს, შემდეგ სწავლებას და თუ ამას გაუძლო, დადებს ფიცს და გააფორმებს კონტრაქტს, რომლის თანახმადაც სამშობლოს 4 წელი ემსახურება.

საკონტრაქტო სამსახურით სამხედრო მოსამსახურეთა უმეტეს ნაწილს რეგიონების მოსახლეობა წარმოადგენს სადაც  განათლების ხელმისაწვდომობა თუ დასაქმების დონე, სამწუხაროდ, საკმაოდ დაბალია. შესაძლოა, სწორედ ამიტომ, ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი საკუთარ თავს ჯარში პოულობს – ზოგს ბრძოლის ჟინი და სამშობლოს სიყვარული ამოძრავებს, ზოგსაც, სკეპტიკური გათვლა – ძალა მაქვს, დანარჩენს იქ მასწავლიან. დიახ, ასწავლიან, ასწავლიან ტოპოგრაფიას, საცეცხლეს, ტაქტიკას, საინჟინროს, კავშირგაბმულობას, დაგეგმარებას და ბევრ სხვა აუცილებელ უნარს. სამხედრო სამსახურში ყოფნისას ეს უნარები აუცილებელია, თუმცა რამდენად გამოსადეგია ისინი სამოქალაქო ცხოვრებაში?

სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნება სამხედრო მოსამსახურეებისთვის საკმაოდ რთულია. განსხვავებულია ცხოვრების წესი, რეჟიმი, რითმი, და რაც მთავარია, სამოქალაქო ცხოვრებაში არც ტოპოგრაფია, არც ტაქტიკა და არც სხვა დანარჩენი სპეციფიკური ცოდნა შესაძლოა სულაც არ გამოგადგეს.  დასავლეთის ქვეყნებში სახელმწიფო ამისთვის მზად არის – სამხედრო მოსამსახურეებს დათხოვნის შემთხვევაში მათ ასეთი ცხოვრებისთვის ამზადებენ: მათ აქვთ არჩევანი – ისწავლონ, ან დასაქმდნენ თავდაცვის უწყებაში სამოქალაქო თანამდებობებზე და თავიანთი გამოცდილება სხვებს გაუზოარონ, ან აიღონ ისეთი კომპენსაცია, რომელიც მათ ახალი ცხოვრების დაწყების საშუალებას მისცემს. ომის ვეტერანებზე კიდევ დამატებითი შეღავათები მოქმედებს. სახელმწიფოს ამ შემთხვევაში მხოლოდ მადლიერების გრძნობა არ ამოძრავებს . გათვლა საკმაოდ სკეპტიკურია: ადამიანი, რომელმაც იცის როგორ ისროლოს, საიდან ისროლოს ეფექტურად, როგორ გაიქცეს, გადარჩეს, დაიმალოს  – არ უნდა ჩააგდო ისეთ მდგომარეობაში, სადაც ამ ცოდნის გამოყენება დასჭირდება. მას უნდა ჰქონდეს საშუალება იცხოვროს ღირსეულად და ქვეყნის წინაშე ვალდებულების მოხდის შემდეგ ახალი ცხოვრება იმაზე ფიქრის გარეშე დაიწყოს, თუ როგორ შეინახოს საკუთარი თავი თუ ოჯახი.

საქართველოში სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ სამხედრო მოსამსახურის ხვედრი საკმაოდ მძიმეა: კომპენსაცია ერთჯერადია და თანაც მინიმალური. სამხედრო პენსია მხოლოდ 20 წლიანი ნამსახურეობის შემდეგ, წოდების შესაბამისად ინიშნება. დასაქმების შესაძლებლობა იმ ცოდნით, რასაც ჯარი იძლევა, მინიმალურია, შესაბამისად, ძნელია სწავლის გაგარძელებაც მაშინ, როდესაც შემოსავალი არ გაქვს, ხოლო ის, რომ შეიარაღებულ ძალებში მსახურობდი – პრივილეგია სულაც არ არის. ოფიცრებისგან განსხვავებით, რომელთაც თავდაცვის ეროვნული აკადემია უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომებს აძლევს, რიგითებს, კაპრალებს, სერჟანტებს – ასეთი შესაძლებლობა წართმეული აქვთ. უმეტესობა  მათგანი ჯარში სწორედ შესაძლებლობებისთვის მიდის, თუმცა რა ელით კონტრაქტის დამთავრების შემდეგ?

კონტრაქტის დამთავრების შემდეგ ქართველ ჯარისკაცს სამსახურის პოვნა „ნაცნობობითაც“ უჭირს. მასზე თავდაცვის ძალები არ ზრუნავს. ვეტერანი 20 წლამდე ნამსახურეობის გარეშე არ ხარ. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა ზოგ შემთხვევაში შეიძლება არც ჩაგეთვალოს. ერთჯერადი კომპენსაცია უკეთეს შემთხვევაში ერთი თვე შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს, ხოლო პროფესიულ განათლებაზე თავდაცვის სამინისტრო პირზე, რომელმაც ამ სამსახურს ცხოვრების მინიმუმ 4 წელი და შესაძლოა ჯანმრთელობაც შესწირა, არ ზრუნავს. არჩევანი არც თუ ისე დიდია და პირები, ვის გაწვრთნაზეც სახელმწიფომ ფული, დრო და ენერგია დახარჯა, საკუთარ ადგილს სამოქალაქო საზოგადოებაში ძნელად პოულობენ. მათ ისიც არ იციან, ირიცხებიან თუ არა რეზერვში, რომლის კონცეფციაზეც უკვე მერამდენე წელია მუშაობენ.  სამაგიეროდ ადვილია ასეთი ადგილის პოვნა ერაყში, სირიაში, ავღანეთში, უკრაინაში,  აფრიკაში – ნებისმიერ კონფლიქტურ ზონაში, სადაც ამ უნარებისთვის საკამოდ დიდ თანხას იხდიან კერძო დამსაქმებლები თუ ტერორისტული დაჯგუფებები.

დიდ ბრიტანეთში სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამსახურის დასრულების შემდეგ სპეციალური პროგრამა გააჩნია. სპეციალური სამსახური თავდაცვის უწყებაში სამხედრო მოსამსახურის დათხოვნამდე 2 წლით ადრე და დათხოვნიდან შემდგომი ორი წლის განმავლობაში დათხოვნილ სამხედროებს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრაციაში ეხმარება; ამერიკის შეერთებულ შტატებში ასევე თავდაცვის უწყებაში არსებობს რამოდენიმე სამსახური, რომელიც არა მხოლოდ კომპენსაციებს, არამედ კარიერულ შესაძლებლობებსაც სთავაზობს გადამდგარ სამხედროებს. კიდევ ბევრი ქვეყნის მაგალითის მოყვანა შეიძლება, სადაც სახელმწიფო ზრუნავს სამხედრო მოსამსახურეებზე, საქართველოში კი  ნაომრობის ფასი –  22 ლარია.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი