ჩინეთი და ამერიკის საგარეო პოლიტიკა

ჩინეთის საკითხი დღეს ერთერთი ცენტრალურია ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის.

პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ყველაზე დიდი დაბრკოლება ამერიკისათვის საერთაშორისო მასშტაბით სწორედ ჩინეთია, მასთან შედარებით მეორე ადგილზე გადადის ისეთი ქრონიკული პრობლემები, როგორიც რუსეთი და ირანია, თუნდაც ჩრდილოეთ კორეა. ჩინეთის საკითხი ასევე ერთერთი ცენტრალურია მის საარჩევნო ბრძოლაშიც.

უნდა გითხრათ, ამას რეალური საფუძველიც აქვს და სერიოზული არგუმენტებიც.

  • ჩინეთი ერთადერთია, რომლის ეკონომიკა მეტ-ნაკლებად ედრება ამერიკისას და კონკურენციას უწევს მის ლიდერობას.
  • ჩინეთი გადაქცეულია საერთაშორისო მანუფაქტურად, პრაქტიკულად ყველაფერი იქ მზადდება და ამდენად მასზე დამოკიდებულებაც იზრდება.
  • უდიდესია სავალუტო ვალი ჩინეთისადმი.
  • ჩინეთი, როგორც ქვეყანა, სერიოზულ ინვესტიციებს დებს ამერიკის ეკონომიკაში და უზარმაზარ ბრუნვებზე ავიდა.

ეს ყველაფერი კიდევ ასატანი იქნებოდა, რომ არა ჩინეთის ნეგატიური, მომხმარებლური დამოკიდებულება ამერიკისადმი და პრაქტიკული საწინააღმდეგო ქმედებები. სამრეწველო შპიონაჟი, გავლენის აგენტების ორგანიზება, ანტიამერიკული მოძრაობის დაფინანსება, ჰაკერული შეტევები და მრავალი სხვა. ამის დასტურია ჰიუსტონში ჩინეთის გენერალური საკონსულოს დაკეტვა და დიპლომატების გაძევება, სწორედ ასეთი ფაქტების გამოაშკარავების გამო.

როგორც სახელმწიფო მდივანი პომპეო აცხადებს, უკვე მრავალი წელია, ამერიკის ადმინისტრაცია დათმობის პოლიტიკას მისდევს და ჩინეთი მუდამ უპირატეს მდგომარეობაშია, როგორც პირდაპირ სავაჭრო ხელშეკრულებებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობით და ამ სტატუსის თავის სასარგებლოდ გამოყენებით. ბოლო წვეთი იყო კორონავირუსის პანდემია, როდესაც ჩინეთმა დამალა საწყისი ინფორმაცია და გავლენა მოახდინა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაზე. როგორც პომპეო აცხადებს, ასე აღარ იქნება, ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთთან დამოკიდებულების გამკაცრებაზე იღებს ვექტორს. არანაირი დათმობები და ენის მოჩლექით ლაპარაკი!

აქვე ხაზი უნდა გაესვას, რომ დემოკრატების კანდიდატის, ბაიდენის პოზიციები ჩინეთთან მიმართებაში საკმაოდ სუსტი და უხერხემლოა. ამას ემატება კიდევ ბაიდენის ვაჟთან დაკავშირებული სკანდალი, რომელსაც უმტკიცდება ჩინეთიდან უზარმაზარი დაფინანსების და კრედიტების მიღება.

საილუსტრაციოდ გამოდგება ნბა-ს საკალათბურთო ასოციაციის დამოკიდებულება. სეზონი განახლდა, როგორც იცით, ყველა მატჩი იწყება ამერიკის ჰიმნის დროს დაჩოქებით და დროშის მიმართ არასათანადო პატივისცემით, ამას აკეთებენ სოციალური უსამართლობის გამო პროტესტისა და ჩაგრულთა მიმართ სოლიდარობის გამო. ამავე დროს, ნბა იღებს დიდ დაფინანსებას ჩინეთისგან, უარს არ ამბობს ამ ფულზე და ხმას არ იღებს ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევასა და თუნდაც ჰონგ-კონგის ტრაგედიაზე. ტრამპის საყვედურიც სწორედ ეს არის: თუ გულწრფელები ხართ, ხმა ამოიღეთო.

მართლაც, განა შეიძლება იმის შედარება, რაც ხდება ამერიკაში იმასთან, როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები და სამართლიანობა ჩინეთში?

თქვენ თავად განსაჯეთ.