ჩილეში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა. ჩილეს მთავრობის ინფორმაციით, ევაკუირებულია ათასზე მეტი ადამიანი, დაშავებულია ასობით პირი. ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის სამხრეთით სამ რეგიონში აქვს გამოცხადებული. მეტეოროლოგიური პირობები ხანძრის ქრობის ოპერაციას აფერხებს და სიტუაცია სულ უფრო უარესდება. ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატება. საგანგებო სამსახურები ქვეყნის ფარგლებში, ცეცხლის ასობით კერას ებრძვიან. ჩილეს დახმარება შესთავაზეს ესპანეთმა, აშშ-მა, არგენტინამ, ეკვადორმა, ბრაზილიამ და ვენესუელამ, მათ შორის თვითმფრინავებითა და მეხანძრეებით.