ჭიათურის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით, სამმა ახალგაზრდამ პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა

დატოვოს ჭიათურის პოლიციის უფროსმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები და ქალაქი ჭიათურა – ასეთი მოთხოვნით პროტესტის უკიდურეს ზომას სამმა ახალგაზრდამ  მიმართა. პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარავში ბექა ჭუმბურიძე, ლევან მასხარაშვილი და პეტრე ოვანოვი მეთაე დღეა შიმშილობენ. გუშინ კი მათ პირი ამოიკერეს.

ახალგაზრდები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ და დაკავებული მეგობრის დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ   2018 წლის 27 მაისს ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიმართ, წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს და 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 26 მაისს ჭიათურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს მიხეილ გიგაურს და ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს ვეფხვია შეყილაძეს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებისას იმყოფებოდნენ შემოვლაზე, წინააღმდეგობა გაუწიეს რამდენიმე პირმა, მათ შორის წარსულში არაერთგზის, მათ შორის მკვლელობის მცდელობისათვის ნასამართლევმა, 1988 წელს დაბადებულმა თ. გ.-მ, რომელმაც ხელის დარტყმით სახის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა ჭიათურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს, მიხეილ გიგაურს.

დანაშაულში მხილებული თ. გ. შემთხვევის ადგილზევე იქნა დაკავებული სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. რაც შეეხება მის თანმხლებ პირებს, ისინი სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.