მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი არ წყდება.

ხელფასის ზრდის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შიმშილობის დაწყება იგეგმება. მოთხოვნებს შორისაა შრომითი უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო გეგმის შესასრულებლად ახალი ტექნიკის შემოტანა. თანამშრომლები „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ შეთავაზებულ ახალ სამუშაო 3-ცვლიან გრაფიკს აპროტესტებენ, რამაც მათივე განმარტებით, ანაზღაურების შემცირება და სამუშაო დღეების მატება გამოიწვია.

თავის მხრივ სამუშაო გრაფიკის ცვლილებას და ხელფასის არასრულად ანაზღაურებას საერთაშორისო ბაზარზე არსებული ვითარებით ხსნის მენეჯმენტი. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მედიატორის საშუალებით, სავარაუდოდ, ხვალიდან დაიწყება. სიტუაციის გასაცნობად დღეს ჭიათურაში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის წარმომადგენელი აპირებს ჩასვლას. ოთხი თვეა, ფეროშენადნობ მასალებზე ნაკლები მოთხოვნის გამო, ჭიათურაში ყველა მაღარო დახურულია, მაისიდან მუშაობა მხოლოდ ერთ მაღაროში განახლდა, თუმცა აქციების გამო მუშაობა იქაც შეჩერდა.