დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. მეთ ჰენკოკის გადადგომის მიზეზი, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელთან გადაღებული ფოტო გახდა, რომელიც გამომცემლობა „დი სან-ში“ გამოქვეყნდა. ფოტოზე ჯანდაცვის მინისტრისა და ჯინა კოლადანჯელოს კოცნაა ასახული. მინისტრს სოციალური დისტანციის დარღვევაში დასდეს ბრალი. გამომცემლობის ცნობით, ფოტო მაშინ არის გადაღებული, როდესაც ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა. მოგვიანებით, მეთ ჰენკოკმა სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადა მითითებების დარღვევის გამო. მეთ ჰენკოკის გადადგომას ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონი გამოეხმაურა და ჯანდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა არამარტო პანდემიის პერიოდში, არამედ პანდემიამდე განხორციელებული საქმიანობისთვისაც. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფილი ფინანსთა მინისტრი საჯიდ ჯავიდი დაინიშნა.