გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით ბრალი ოფიციალურად წარედგინა პოლიციელს, რომლის ტყვიასაც წყნეთში მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძველი თბილისის მეოთხე განყოფილების უფროს დეტექტივს, ერიკ წურწუმიას ბრალი ავჭალაში მდებარე შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში გააცნეს. მისი ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული არ გამოუკითხავთ, ბრალთან დაკავშირებით მისი პოზიცია უცნობია. ადვოკატის თქმით, დაკავებული პოლიციელი საკუთარ პოზიციას სასამართლოში დააფიქსირებს, რომელიც სავარაუდოდ დღეს გაიმართება.
ერიკ წურწუმია 18 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავების დროს მას გაუფრთხილებლობით გაუვარდა იარაღი, რამაც ზურაბ გველესიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.