ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის საგაზაფხულო სამუშაოებს განაგრძობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. პროექტის ფარგლებში, დარგვის სამუშაოები გასულ წელს 144 ჰექტარ ფართობზე ჩატარდა. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში იგეგმება ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის 35 ათასამდე ნერგის დარგვა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ორგანიზებით, „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019“-ის გამარჯვებულებისთვის საინფორმაციო ტურიც გაიმართა. საგაზაფხულო სამუშაოებში ფინალისტი სკოლების მოსწავლეებიც ჩაერთნენ.