ვითარება ბორჯომის ხეობაში

ბორჯომის ხეობაში პრაქტიკულად ერთი მთავარი კერა რჩება ჩასაქრობი. ეს არის ბორჯომის რაიონის სოფელ ქვაბისხევსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურს შორის მდებარე მთის ფერდობი, რომლის ერთი ნაწილი სტიქიის ზონად რჩება. იქ ცეცხლი თითქმის ჩამქრალი იყო, თუმცა შუადღისას ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა ხანძრის კერის ხელახლა გაღვივება გამოიწვია. ცეცხლმოკიდებული ტერიტორია რთულად მისადგომია, ამიტომ სამაშველო ოპერაციაში დაბინდებამდე ჩართული იყო ავიაცია. მიმდებარე სოფლებში ამ მომენტისთვის კვამლი შემცირებულია.