ბორჯომის საკრებულოსთან მერიის თანამშრომლების აქცია მიმდინარეობს. მათ ხელფასების გაცემის მოთხოვნით, საკრებულოს თავმჯდომარეს კაბინეტის კარი აუჭედეს. მანამდე კი შენობაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს მერიის თანამშრომლები, საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრები და ოპოზიციის დეპუტატები დაუპირისპირდნენ. როგორც საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კვირკველია აცხადებს,„ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა გიორგი გიუაშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატ ივანე შალუტაშვილზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადა, რასაც შემდეგ დაპირისპირება მოჰყვა. გიუაშვილი, რომელმაც სახის არეში დაპირისპირების შედეგად დაზიანება მიიღო, კვირკველიას ინფორმაციას უარყოფს. შალუტაშვილის განცხადებით კი, მან თავი დაიცვა. საკრებულოს შენობაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური და სამართალდამცველები იმყოფებიან. ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე ბორჯომის მერიის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა დღეს კვლავ ვერ დამტკიცდა. მერიის მიერ ხელმეორედ წარდგენილ საკითხს მხარი მხოლოდ „ქართული ოცნების“ 11-მა დეპუტატმა დაუჭირა, რომლებიც დღეს სხდომას ბოიკოტის შემდეგ პირველად დაესწრნენ.