გიგა ბოკერიას გამოკითხვა დასრულებულია.
„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გამომძიებლის კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანადასწრებით უპასუხა. საუბარია 2014 წელს აღძრულ საქმეზე, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოში ბოკერიას მდივნობის, ანუ 2010-დან 2013 წლის ნოემბრამდე პერიოდს უკავშირდება. ძიების საგანია რამდენიმე ხელშეკრულება. საქმეში, რომელსაც გრიფით საიდუმლო ადევს, ბოკერიას მოწმის სტატუსი აქვს და ის ერთხელ, ანუ ხუთი წლის წინ უკვე დაკითხულია. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ხელახალი გამოკითხვის მიზეზი ძიების პერიოდში გამოვლენილი ახალი გარემოებებია. თუმცა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის თანაგუნდელები დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად დარწმუნებულები არიან, რომ ხუთი წლის შემდეგ გამოკითხვაზე გიგა ბოკერიას დაბარებას პოლიტიკური მოტივი აქვს.