ბიზნესმენ გიორგი შარაშიძის გამოკითხვა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში, გვიან ღამემდე გაგრძელდა
გვიან ღამემდე გაგრძელდა ბიზნესმენ გიორგი შარაშიძის გამოკითხვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში. შეკითხვები ლილოს იმ ტერიტორიასთან დაკავშირებით დაისვა, რომელიც კომპანია „კონსტრაქტ ვიჟენმა“ სახელმწიფოსგან 2016 წელს შეიძინა, თუმცა, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კვლავ სახელმწიფოს დაუბრუნა. საქმე ოთხ შენობას ეხება. დაკითხვის შემდეგ შარაშიძემ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ უნდა დადგინდეს, ზუსტად ვინ, როდის და რა მიზნით წაიღო და დაშალა ქონება.
მისივე თქმით, შენობების სრული დემონტაჟის უფლება კომპანიასაც ჰქონდა, ვინაიდან ადგილზე ახალი ნაგებობა უნდა აეშენებინათ. შეგახსენებთ, „კონსტრაქტ ვიჟენმა” ლილოს ტერიტორია ერთი წლის წინ გარკვეული სახის ინვესტიციების განხორციელების პირობით შეისყიდა. ვალდებულების შეუსრულებლობას შარაშიძე მისი კომპანიის გაკოტრებით ხსნის.