დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი „ქართული ოცნების“ წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტს აკრიტიკებს და მმართველ გუნდს მოუწოდებს, მის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს დაუჭიროს მხარი.
ნაცვლიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო წინადადებები გააუარესებს მშრომელთა მდგომარეობას. ის ზეგანაკვეთური საათების შეზღუდვის პარალელურად, მინიმალური ხელფასის დადგენასაც მოითხოვს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ინიციატივას აკრიტიკებენ „ევროპულ საქართველოშიც“. ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ პაკეტი ჩრდილოვან ეკონომიკას შეუწყობს ხელს.
კანონპროექტის ავტორის, დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, ოპოზიციის კრიტიკა სპეკულაციას ეფუძნება და მმართველი გუნდის საკანონმდებლო წინადადება ნეგატიურად არ აისახება ბიზნესგარემოზე, ასევე, უმაღლეს დონეზე დაიცავს მშრომელთა უფლებებს.