პირველი ივნისიდან „ბავშვის უფლებების კოდექსი“ ამოქმედდება. ეს არის არასრულწლოვნების უფლებებთან და მათზე ზრუნვის მექანიზმებთან დაკავშირებული პირველი კომპლექსური დოკუმენტი.
კოდექსი არაერთ მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა ჯანდაცვის სერვისები, სოციალური დაცვის სისტემა, განათლება, ასევე ინფორმაციასა და სასამართლოზე ხელმისაწვდომობა.
განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სოციალურად დაუცველი და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაცვაზე. კოდექსის ავტორმა დეპუტატებმა დღეს ის პროგრამები წარადგინეს, რომელთა შესრულება კოდექსის ამუშავების შემდეგ მუნიციპალიტეტებს მოუწევთ.