ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლების მისამართით ნაბიჯებს და გადაწყვეტილებებს სულ უფრო ამკაცრებს.
ბოლო თვეებში ორი ქვეყნის ურთიერთობის დინამიკის გათვალისწინებით ჯო ბაიდენის სახელით დაგეგმილ მიღებაზე საქართველოს პრემიერის მოსაწვევის გაუქმება არცთუ ისე მოულოდნელი იყო. ამერიკამ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღების საპასუხოდ ურთიერთობის გადახედვის რეჟიმი გამოაცხადა – სანქციების ახალ პაკეტებს, წვრთნების ჩაშლას და დაფინანსების შეჩერებას ოფიციალურ ღონისძიებებზე დასწრების და შეხვედრების გაუქმება მოჰყვა. აშშ-ის მიერ დასახელებული არგუმენტები კატეგორიულად მიუღებელია „ქართული ოცნებისთვის“. მმართველი გუნდის პროტესტი კიდევ უფრო გაზარდა იმ გარემოებამ, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ ძებნილად გამოცხადებული ექს-მაღალჩინოსანი იმყოფება. საუბარია ზურა ადეიშვილზე, რომლის სახელსაც ბიზნესის რეკეტის და ციხეებში პატიმართა წამების გახმაურებული საქმეები უკავშირდება და რომელიც უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის სტატუსით ახლა გაერო-ში უკრაინის დელეგაციის შეხვედრებს ესწრება. საქართველოს ხელისუფლება ამერიკის ადმინისტრაციას იმ უმძიმეს საქმეებს ახსენებს, რომლებზეც იუსტიციის ყოფილი მინისტრი დაუსწრებლადაა გასამართლებული.