აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე, საქართველოს სიახლოვეს, ვითარება უკიდურესად დაძაბულია, არის მსხვერპლი, მხარეები კი კონფლიქტის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ; საერთაშორისო საზოგადოება სომხეთსა და აზერბაიჯანს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს - კონფლიქტის ისტორია და დასავლეთის გზავნილები

საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, სიტუაცია კიდევ უფრო მწვავდება სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლში.

საზღვრის ის მონაკვეთი, სადაც მესამე დღეა შეტაკებები მიმდინარეობს, დასახლებულ პუნქტებს ესაზღვრება. გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლია მოსახლეობაშიც. სამხედრო დაპირისპირების პარალელურად საერთაშორისო შუამავლების ჩართულობით მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივა ჯერ არ ჩანს. ღიად რჩება მინსკის ჯგუფის მოწოდებაც, რომელიც ცხელ წერტილში ეუთო-ს დამკვირვებლების დაშვებას გულისხმობს.

ვითარებას ართულებს თურქეთის პოზიციაც. გუშინ   მოკავშირე სახელმწიფოს  ღია მხარდაჭერის შემდეგ,  დღეს აზერბაიჯანს  მხარდაჭერა პირადად თურქეთის თავდაცვის მინისტრმა გამოუცხადა. ოფიციალური ერევნისთვის მიუღებელი აღმოჩნდა უკრაინის საგარეო უწყების პოზიციაც, რის გამოც, სომხეთში უკრაინის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 12 ივლისს დაწყებული დაპირისპირება, 2016 წლის შემდეგ კონფლიქტის პირველი სერიოზული ესკალაციაა.