ნატოს ვაშინგტონის სამიტი საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვის ეტაპს ემთხვევა.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებას ამერიკიდან კიდევ ერთი მძიმე გზავნილი მოჰყვა. კრიტიკული შინაარსის განცხადებების და „ქართული ოცნების“ ცალკეული წარმომადგენლების მიმართ სავიზო სანქციების დაწესების შემდეგ გაურკვეველი დროით გადადებულია ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 2016 წლიდან ტარდება. მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ 25 ივლისს უნდა დაწყებულიყო და 5 აგვისტოს დასრულებულიყო, თუმცა აშშ წვრთნების ჩატარებას ახლა შეუფერებლად მიიჩნევს და გადაწყვეტილებას მეორე ფრონტის გახსნაზე მმართველი გუნდის წევრების განცხადებებით და ორმხრივი ურთიერთობის გადახედვის იმ პოლიტიკით ხსნის, რომლის ამოქმედება რეზონანსული კანონის მიღებისთანავე დააანონსა.
თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით დაგეგმილი წვრთნების გადადება ამერიკის სასანქციო პოლიტიკის ნაწილად განიხილება. რეაქციები არაერთგვაროვანია. გადაწყვეტილება გაუგებარია მმართველი გუნდისთვის, სადაც ბოლო თვეებში ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გადატვირთვის აუცილებლობაზე აქტიურად საუბრობენ.