კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა სოფელ ნიქოზში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი სამარხი მოინახულა. თეა წულუკიანი ნიქოზში გორის მერთან მერთან ერთად იმყოფებოდა. სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს“ ფარგლებში, სოფელ ქვემო ნიქოზში არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა. აღმოჩენილია ბრინჯაოს ბრტყელი ცული, ბრინჯაოსა და რკინის სადნობი ქურის ნიშნები. ასევე, გამოვლინდა პრეისტორიული პერიოდის ნიმუშები, კერძოდ მტკვარ-არაქსის მასალები და აღმოჩნდა სამარხი მიცვალებულის ნაშთებით. თეა წულუკიანმა არქეოლოგიურ სამუშაოებში სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად“ მომავალშიც იქნება მხარდაჭერილი. აღმოჩენილ ნივთებს შემდგომი მოკვლევისა და რესტავრაციის მიზნით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრში გადაიტანენ.