ვადამდელი არჩევნები, რომელმაც იტალიაში არსებული პოლიტიკური სურათი რადიკალურად შეცვალა.
წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ლიდერობს მემარჯვენე კოალიცია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანას მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ პირველად ულტრამემარჯვენე მთავრობა და ქალი პრემიერი ეყოლება. მაშინ, როცა ოთხი წლის წინ გამართულ არჩევნებზე ჯორჯია მელონის 10-წლიანი ისტორიის მქონე ულტრამემარჯვენე პარტია „იტალიის ძმებმა“ საკმაოდ დაბალი შედეგი აჩვენა, ახლა ამ პოლიტიკურ ძალას სხვა ორ ულტრამემარჯენე პარტიასთან იტალიის პარლამენტის ორივე პალატის დაკომპლექტების დიდი შანსი აქვს. იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სამთავრობო კრიზისის და ექს-პრემიერ მარიო დრაგის გადადგომის შემდეგ დაინიშნა. წინა პრემიერმა თანამდებობა კოალიციაში შემავალი სამი პარტიის მხარდაჭერის დაკარგვის გამო დატოვა. უთანხმოების მიზეზად უკრაინის მიმართ მხარდაჭერის საკითხი იქცა.