სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოუწოდებს დაიცვას „ღირსების მარშის“ მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება. განცხადებაში ნათქვამია: „5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „ღირსების მარშის“ გამართვას საფრთხეს უქმნიან ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში, სოციალური მედიის გამოყენებით, ღიად და საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ და აანონსებენ კონტრაქციას მარშის მონაწილეთა წინააღმდეგ. კონტრაქციის ორგანიზატორთა საჯარო განცხადებები გაჯერებულია მუქარის შემცველი და ძალადობრივი მოწოდებებით აქციის ორგანიზატორთა და მონაწილეთა მიმართ, რაც საფრთხეს უქმნის მარშის მონაწილეთა უსაფრთხოებას. ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვადასტურებთ შეკრებისა და მანიფესტაციების კონსტიტუციური უფლების შეუფერხებლად რეალიზების მნიშვნელობას და მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს: ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების მცდელობებზე; უპირობოდ დაიცვას „ღირსების მარშის“ მონაწილეთა უფლებები და უსაფრთხოება“.- ნათქვამია განცხადებაში.
მოამბე