არახამიას მორიგი ბრალდებები - შეფასებები თბილისში

უკრაინელი მაღალჩინოსანი საქართველოს ელჩის გამოსაგზავნად პირობას უყენებს. დავით არახამიას მიერ მიცემულმა ინტერვიუმ პოლიტიკურ წრეებში საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია. უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის გზავნილები ოფიციალური თბილისის მისამართით ამჯერადაც მწვავე და მუქარის შემცველია. საქართველოდან გაწვეული ელჩის აღსადგენად პრეზიდენტ ზელენსკისთან შუამავლობის სანაცვლოდ არახამია ნიკა გვარამიას გათავისუფლებას მოითხოვს. მის მიერ ჟურნალისტად მოხსენიებული გვარამიას საქმეს უკრაინის მაღალი თანამდებობის პირი ხელის შემშლელ ფაქტორად განიხილავს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზეც. ინტერვიუს მსვლელობისას არახამია „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებას ცდილობს, თუმცა აქტიურად საუბრობს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე და დარწმუნებულია, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადაინაცვლებს. კვლავ გაისმა სანქციების მუქარაც.

ორი ქვეყნის ურთიერთობის და ევროპული პერსპექტივის დაზიანების მიზანმიმართული მცდელობა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა – ბრალდებები და რეაქცია არანაკლებ მწვავე იყო თბილისიდან.