ულტიმატუმი კიევიდან და თბილისის პასუხი

უკრაინა საქართველოს ულტიმატუმს უყენებს. სამპუნქტიანი მოთხოვნა კიევმა თბილისს დავით არახამიას სახელით წაუყენა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ მწვავე კრიტიკით გამორჩეული უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადებამ ისედაც გამწვავებული ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, სანქციებისთვის გვერდის ავლის შეწყვეტა და რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის გაუქმება ის სამი პირობაა, რომელსაც არახამია ორი ქვეყნის ურთიერთობის ნორმალიზების სანაცვლოდ აყენებს. ამ ფორმით გაეცა პასუხი ოფიციალურ თბილისს, რომელმაც ზურა ადეიშვილის ევროპული ვოიაჟების ფონზე გუშინ უკრაინიდან ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების ექსტრადირება მოითხოვა. უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის სტატუსით ადეიშვილის უკრაინულ ოფიციალურ დელეგაციაში ყოფნის და ბერლინსა და ბრიუსელში გამართული შეხვედრების გამო გაკეთებული განმარტებები ქართული მხარისთვის საკმარისი არ არის. ქართული მართლმსაჯულების მიერ ძებნილი ყოფილი იუსტიციის მინისტრის გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს უკრაინიდან საქართველოს მისამართით საკმაოდ მძიმე ბრალდებები მოჰყვა.