ულტიმატუმი კიევიდან და თბილისის პასუხი

მორიგი ულტიმატუმი კიევიდან და პასუხი თბილისში – დავით არახამიას განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. მმართველ გუნდში უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის გზავნილებს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივით საუბრობს.

ოპოზიცის ნაწილი ამბობს, რომ სააკაშვილმაც და ადეიშვილმაც საქართველოს მოქალაქეების წინაშე ჩადენილი დანაშაულებებისთვის პასუხი უნდა აგონ. მათივე განცხადებით, საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობას ზიანი არ უნდა მიადგეს.

შეგახსენებთ, რომ დავით არახამია საქართველოს მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა და ორი ქვეყნის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის სამი პირობა წამოაყენა: მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, სანქციებისთვის გვერდის ავლის შეწყვეტა და რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის გაუქმება. მანამდე კი საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.