აქონდოპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მორიგი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასა და აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატის შემოტანას ითხოვენ. მათი განცხადებით, სწორედ ამ მედიკამენტზეა დამოკიდებული მათი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ წუთებში მშობლები აღნიშნული მოთხოვნებით მსვლელობას მართავენ.
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტს ექიმები აფასებენ. ენდოკრინოლოგი რამაზ ყურაშვილის თქმით, „ვოსორიტიდი“ სიმაღლეში ზრდას ხელს უწყობს, თუმცა ის აქონდროპლაზიის თანმდევი დაავადებების მკურნალობაზე გავლენას არ ახდენს. მედიცინის დოქტორი განმარტავს, რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნულმა მედიკამენტმა გრძელვადიან პერსპექტივაში. სპეციალისტის შეფასებით, რისკების თავიდან ასარიდებლად, მნიშვნელოვანია ზუსტი პროტოკოლის შემუშავება და მისი სწორად იმპლემენტაცია.