აქცია თბილისის მერიასთან

დიდი დიღომის მაცხოვრებლებმა, დემეტრე თავდადებულის ქუჩის №14-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხბურთის ფედერაციის მიერ დახურული სტადიონის მშენებლობა, თბილისის მერიასთან გააპროტესტეს.

ადგილობრივები მერიას კომუნიკაციის არ არსებობაში ადანაშაულებენ. ისინი კახა კალაძესთან და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, სტადიონისთვის ალტერნატიული ფართი უნდა მოიძებნოს და მიმდებარე ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი უნდა შეუნარჩუნდეს. არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, რეკრეაციულ ზონაში მცირე ნაგებობის მშენებლობა ნებადართულია და ფეხბურთის ფედერაციას სამშენებლო ნებართვა კანონის დაცვით აქვს მიღებული. ფედერაციაში აცხადებენ, რომ პროექტის მიხედვით შენდება საფეხბურთო კომპლექსი, სადაც სკოლის მოსწავლეები ვარჯიშს უფასოდ შეძლებენ, მასშტაბური თამაშები კი არ ჩატარდება და მოსახლეობას დისკომფორტი არ შეექმნება.