აქცია ქობულეთის სოფელ გორგაძეებში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეებში აქცია გაიმართა – ადგილობრივებმა მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა მოითხოვეს. მათი თქმით, მედიკამენტებისა და პროდუქტის შესაძენად, რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ, რადგან უმრავლესობას ავტომობილი არ ჰყავს, ტაქსის დაქირავება კი დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ ორი წლის წინ, გორგაძეებში მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, დაინიშნა მიკროავტობუსი, თუმცა მგზავრთა ნაკადის სიმცირის გამო, მძღოლები უარს აცხადებდნენ, ამ მიმართულებით გაეკეთებინათ ხაზი. „ამ ეტაპზე მერია დამატებით მსჯელობს სუბსიდირების საკითხზე და, შესაძლოა, ნაწილობრივ მერიის დაფინანსებით მოხდეს ხაზზე მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედება“,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.