14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე შეზღუდვები ამოქმედდება

„დელტა“ შტამის აქტიური გავრცელებისა და მძიმე ეპიდვითარების გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. 14 აგვისტოდან სამი კვირის განმავლობაში იკრძალება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, სრულად იზღუდება გასართობი და სპორტული ღონისძიებები. ასევე, ერთი საათით მცირდება კვების ობიექტების მუშაობის გრაფიკი.

უკვე მოქმედი რეგულაციების აღსრულების კონტროლი კი მაქსიმალურად მკაცრდება. პარალელურად, ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესის დასაჩქარებლად აცრების პროცესში სამხედრო ექიმები ჩაერთვებიან, მოსახლეობას კი ამცრელ პუნქტებამდე სპეციალური ტრანსპორტი გადაიყვანს.

რთული ეპიდსურათიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგები საჯარო უწყებებს რეკომენდაციით მიმართავენ, თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ. დაწესებული შეზღუდვების მიზანი ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება და ვითარების დასტაბილურებაა.