ამერიკულმა მხარემ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს საჩუქრად ჟანგბადის მწარმოებელი აღჭურვილობა გადასცა. ეს არის დონაცია ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტისგან და ევროპის სარდლობისგან. ღონისძიებას რესპუბლიკურ საავადმყოფოში, საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ესწრებოდნენ. როგორც კელი დეგნანმა განმარტა, აღნიშნული აღჭურვილობით შესაძლებელია მაღალი კონცენტრირების ჟანგბადის გამომუშავება დაახლოებით ოთხას პაციენტზე დღის განმავლობაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განსაკუთრებით პანდემიის პირობებში.