ოცწლიანი მისია დასრულებულია. ავღანეთი ამერიკელი სამხედროების ბოლო შემადგენლობამაც დატოვა. ქაბულის აეროპორტიდან ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ბოლო რეისი შესრულდა -„თალიბანის“ კონტროლქვეშ მოქცეული ქვეყნიდან, აშშ-მა საკუთარ ჯარისკაცებთან ერთად, ჯამში 122 000-მდე მოქალაქე გაიყვანა, მათ შორის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, მათი ოჯახები და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. ევაკუაციის პროცესი შეწყდა – ქაბულის აეროპორტს ამერიკული ჯარების ნაცვლად ახლა რადიკალური დაჯგუფება აკონტროლებს. ამერიკა-ავღანეთის ურთიერთობაში კი ახალი ეტაპი იწყება. სამხედრო მისია დიპლომატიური მისიით იცვლება – ასეთია ვაშინგტონის მთავარი გზავნილი. თუმცა, ავღანეთში ჯერ ისევ რჩებიან ამერიკისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეები. საერთაშორისო საზოგადოება ახლა ნომერ პირველ გამოწვევად და მთავარ ამოცანად, სურვილის შემთხვევაში, მათ სასწრაფო გაყვანას მიიჩნევს. მითუმეტეს, რომ ადგილზე არსებული ჰუმანიტარული კრიზისი სულ უფრო მწვავდება.