ვითარება ავღანეთში

„თალიბანის“ კონტროლქვეშ მოქცეულ ქაბულში ანგარიშსწორების პირველი ფაქტები ფიქსირდება. რადიკალური დაჯგუფების წევრები ახლა კარდაკარ დადიან და იმ ადამიანების იდენტიფიცირებას ცდილობენ, რომლებიც წინა ხელისუფლებას და სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო მისიებს ეხმარებოდნენ. სამიზნეები არიან სამხედროები, პოლიციელები და მედიის წარმომადგენლები. „დოიჩე ველეს“ ადგილობრივ კორესპონდენტს, რომელსაც „თალიბანი“ ეძებდა, ახლობელი მოუკლეს. სხვადასხვა მედიასაშუალება საკუთარი ქვეყნების ხელისუფლებას მიმართავს და ავღანეთიდან უსაფრთხო გაყვანას სთხოვს.

მაღალი რისკებისა და ქაოსის ფონზე, ქაბულის აეროპორტთან ქვეყნიდან წასვლის მსურველთა ნაკადები არ წყდება. თუმცა რადიკალური დაჯგუფება ქვეყნიდან წამსვლელებს აეროპორტისკენ მიმავალ გზებს უბლოკავს და პერიმეტრთან მიახლოებას უზღუდავს. ამ მომენტისთვის ავღანეთიდან უკვე გაყვანილია 18 000-მდე მოქალაქე. მათ შორის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან ერთად არიან ავღანელებიც.