„თუ ლიდერს ეჭვი ეპარება თავისი ჯარისკაცის ერთგულებაში, უმაღლესი დონის გაწვრთნილობა და სტანდარტებიც ვერ უშველის ომის პირობებში. ჩვენი ჯარისკაცებს უნდა შთავუნერგოთ, რომ მათ უნდა ეშინოდეთ სიცოცხლის, რომელიც შეიძლება სიკვდილს დაემსგავსოს, თუ ისინი არ იქნებიან თავის გვერდით მდგომთა დამცველი ანგელოზები“ – ეს პოლკოვნიკ ტუღუშის ჩანაწერების ამონარიდია და ყველას, ვისაც მასთან ერთად გვიმსახურია, ეს სიტყვები საქმედ გვინახავს.
პოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშის დახასიათება ერთი სიტყვით მარტივია – დისციპლინა – ასე გიპასუხებთ ყველა ის მოქმედი თუ გადამდგარი სამხედრო მოსამსახურე, ვისაც მასთან ერთად თუნდაც ერთი დღე უმსახურია. სწორედ ეს დისციპლინა გამოარჩევდა მას ბევრი სხვა მეთაურისგან, რადგან ის აუცილებელი წესრიგი, რაც ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო ძალების წარმატების საწინდარია, მისთვის, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავიდან იწყება და ამიტომაც, მას, როგორც მეთაურს, არასოდეს გაუცია ისეთი ბრძანება, რომლის შესრულების უნარი ან სურვილი თავად არ ჰქონია.
ალექსანდრე ტუღუში კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადაში სამსახურისას გავიცანი. მალევე ერთად სამშვიდობო მისიებში მოგვიწია ყოფნა, ჯერ მცირე ხნით სამაჩაბლოში, შემდეგ – ერაყში. მასთან ერთად სამსახური ცალკე „კურსი“ იყო – ზედმიწევნითი სიზუსტით დაგეგმილი და კოორდინირებული მოქმედებები, მკაფიო ამოცანები და მეთაურის ჩანაფიქრის სიღრმისეული ანალიზი – ეს ტერმინები ალბათ, მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებს თუ აუხსნის ტუღუშის პროფესიონალიზმის ხარისხს; სამოქალაქოებისთვის კი შევეცდები, მარტივი მაგალითი მოვიყვანო იმისათვის, რომ გასაგები იყოს რას ნიშნავს ზემოთაღნიშნული თვისებები საბრძოლო ვითარებაში – სწორედ მართვისა და კოორდინაციის ასეთმა დონემ განაპირობა ის, რომ 2008 წლის აგვისტოში მესამე ბრიგადამ, სადაც ალექსანდრე ტუღუში ოპერატიულ მართვას ხელმძღვანელობდა (G3) – ყველაზე ნაკლები ადამიანური დანაკარგი განიცადა. ასევე უმცირესი იყო ტექნიკის დანაკარგიც და ეს იმის გათვალისწინებით, რომ მესამე ბრიგადის ორმა ბატალიონმა საომარ მოქმედებათა თეატრი საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ დატოვა. ტუღუში მაშინ კოორდინაციას ბრიგადის შტაბიდან არ ახორციელებდა, 2 ბატალიონის ჯარისკაცებთან და მეთაურებთან ერთად ისიც ბრძოლის ველზე იყო. მის თანამებრძოლებს ბევრჯერ აღუნიშნავთ ეს ფაქტი და უთქვამთ, რომ ბევრი მის ადგილას შტაბიდან მართავდა სიტუაციას, თუმცა არა ალექსანდრე ტუღუში.
ტუღუშის სამხედრო კარიერა 1997 წლიდან დაიწყო. მამის 4 და დედის 3 ბიძა ქერჩთან ფრონტზე დაკარგულან და ამიტომაც, მისთვის არჩევანზე ფიქრი ძნელი არ ყოფილა. სამხედრო თუ სამოქალაქო სასწავლებლებში მიღებული უმაღლესი განათლების მიუხედავად, მისი კარიერა კაბინეტში არ გაგრძელებულა. პირველი სამხედრო ქვედანაყოფი ნატო-ს ISAF-ის მისიაში, ავღანეთში მისი მეთაურებით წავიდა . მაშინ 5 სამხედრო მოსამსახურე დაეღუპა. ყველა მათგანი მისთვის უზომო დარდია, თუმცა საუბარში მათზე უფრო მეტს მოგიყვებათ, ვიდრე საკუთარ თავზე. საკუთარ თავზე კი, მოსაყოლი ბევრი აქვს.
მეორე მისია ავღანეთში მისთვის მძიმე აღმოჩნდა. 2011 წლის 8 დეკემბერს, ქვეითი პატრულირებისას ჰელმანდის პროვინციაში ის თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა. გონება არ დაუკარგავს და ყველაფერი ზედმიწევნით ახსოვს: დაახლოებით 9-ის ოცი წუთი ყოფილა, ნაღმმა საკმაოდ შორს გადააგდო და მიწაზე დაცემისას გარშემო არავინ იყო. სანამ დამხმარე ძალა მივიდა, შენიშნა რომ ერთი ფეხი აღარ ჰქონდა, მეორეს ჯერ გრძნობდა, მოისინჯა, თუმცა არა ფეხი: სამეთაურო რვეული მთელი იყო. ევაკუაციამდე დარწმუნდა, რომ მისი შემცვლელისთვის ამ რვეულში გაკეთებული ჩანაწერები – მეთაურის განზრახვა თუ ამოცანა – ყველაფერი ნათელი იყო, შემდეგ ვერტმფრენი ახსოვს და მერე – 14 დეკემბერი, როდესაც სამხედრო ჰოსპიტალში გონზე მოვიდა და იმის გათვითცნობიერება დაიწყო, თუ რა მოხდა, რომ ცხოვრება თავიდან უნდა დაეწყო ორი კიდურის გარეშე, რომ ვეღარასოდეს იქნებოდა საველე მეთაური და საერთოდაც, ყველაფერი, რაც მანამდე უკეთებია, წამის მეასედში დამთავრდა.
„მე გაწბილებული და იმედგაცრუებული დავრჩი და ჩემ თავს აღარ ვაძალებდი იმდენად ხშირად გავსულიყავი გარეთ, როგორც შენი მეთაურობის დროს. მე, ალბათ, შენგან უნდა ამეღო ჯარისკაცთან ურთიერთობის მაგალითი – როგორ გჯეროდა მათი და მიუთითებდი ეკეთებინათ ყველაფერი მართებულად. მე ვერ შევძელი ვყოფილიყავი იგივე ძალა,როგორიც შენთან ერთად ვიყავი ბრძოლის ველზე გასვლისას, რამაც შედეგად დაუშვებელი შეცდომები გამოიწვია და ეს შეცდომები კარგი ჯარისკაცების სიცოცხლედ დაგვიჯდა“ – წერდა მას მოგვიანებით ამერიკელი მეთაური ო’დონელი, რომელიც 8 დეკემბერს ტუღუშთან ერთად პატრულირებაზე იმყოფებოდა.
გრძელვადიანი რეაბილიტაციის შემდეგ ალექსანდრე ტუღუში ისევ საქართველოშია და ისევ ჯარში. ის არ სარგებლობს არანაირი შეღავათით, მიუხედავად იმისა რომ მისი ტრავმების სიმძიმე პროთეზით სარგებლობის საშუალებასაც არ აძლევს. ინტერვიუზე აუცილებლად უარს გეტყვით, მაგრამ ჯარისკაცებზე ბევრს მოგიყვებათ. დღემდე ურთიერთობას ინარჩუნებენ. სულ ახლახანს დაოჯახდა და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე თუ კითხავთ, გურული იუმორით გიპასუხებთ, რომ დაოჯახებაა მისი რეაბილიტაცია. მისი სამკერდე ნიშნების რაოდენობა და მნიშვნელობა შთამბეჭდავია. თითოეულის მიღმა უმრავი შრომა დევს, სამხედრო სამსახურის არცერთ წუთს არ ნანობს და ამბობს, რომ დღესაც იგივეს გაიმეორებდა.
„ჩემი ბატალიონის ყველა წევრს გააჩნია ვალდებულება ჩვენი სამშობლოს და ერის წინაშე. არცერთ ჩვენთაგანს არ აქვს უფლება არ დაიცვას ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და ღირსება. ეს ღირსება გვაძლევს ძალას იარაღით ხელში ვებრძოლოთ და გავანადგუროთ ჩვენი მტერი, ხოლო ჩვენი ხალხი, ჩვენი შვილები და სახელმწიფოს კანონი გვაძლევ გარანტიას, რომ კეთილი ადამიანის სახელი გექნება“. – ალექსანდრე ტუღუში
დასკვნის მაგიერ:
ალეკო ინტერვიუზე ვერ დავითანხმე. საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარს, ისეთი რა უნდა გითხრა რაც არ იცი ან აქამდე არ მომიყოლიაო და დაწერე რაც გინდაო. მართალიც არის – ბევრი ვიცი, ბევრზეც გვისაუბრია წლების განმავლობაში და დღევანდელი გადმოსახედიდან იმის თქმა შემიძლია, რომ დღეს სამხედრო საველე მეთაურებს შორის ცოტაა ისეთი, ვისთანაც კიდევ ერთხელ ვიმსახურებდი და მათ შორის ერთ-ერთი პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუშია.