ახმეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც ექვსი საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი, ჩაიშალა. საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილს სხდომის გაგრძელების შესაძლებლობა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობამ არ მისცა.
მოსახლეობა ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გაწმენდის სამუშაოების საკითხის განხილვას ითხოვდა. სხდომაზე მოითხოვეს ხელისუფლებისგან ქმედითი ღონისძიებების გატარება, უშუალოდ ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მომუშავე კომპანია „არილისა“ და საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან შეხვედრა.
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, საგზაო დეპარტამენტისა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელები თუშეთში იმყოფებიან და ახმეტაში მოსახლეობასთან შესახვედრად უკვე გამოემგზავრნენ.