ხუთდღიანი ლოდინის შემდეგ ჰოლანდიიდან გამოგზავნილი ანალიზის პასუხები ცნობილია.
ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით შეყვანილ ორ პაციენტს ახალი ტიპის კორონავირუსი არ აღენიშნება. მათ შორისაა მოქალაქე, რომელიც ორი კვირის წინ დაავადების ეპიცენტრში, ქალაქ უხანში იმყოფებოდა. ცოტა ხნის წინ, ინფექციურ კლინიკაში ჩინეთიდან ჩამოსული კიდევ ორი მოქალაქე შეიყვანეს ტემპერატურით. თუმცა, მათი დიაგნოსტირებისთვის ანალიზის უცხოეთში გაგზავნა აღარ იქნება საჭირო. საშიში ვირუსის დასადგენი ტესტი დღეიდან ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარდება. საქართველო დაავადების გავრცელების მხრივ ისევ დაბალი რისკის მქონე ქვეყნების სიაში რჩება. თუმცა მსოფლიო მასშტაბით ვირუსით ინფიცირების არეალი სულ უფრო იზრდება. იმ ქვეყნებს, სადაც ახალი სახეობის კორონავირუსს ებრძვიან, დღეს ბელგიაც დაემატა.