აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძეს 11 იანვარს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
სამოქალაქო პანაშვიდი 11 იანვარს, სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება.
აკადემიკოსი 95 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა.
მარიკა ლორთქიფანიძე დაიბადა 1922 წლის 28 აგვისტოს ბათუმში. 1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1947 წლიდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1948 წლიდან თსუ-ში. ამავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „თბილისის საამირო“. 1972 წლიდან იყო თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია 1963 წლიდან (სადისერტაციო თემა – „ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება“), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი 1993 წლიდან.
გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი. რუსულად თარგმნა ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები: „მატიანე ქართლისა“, სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა“. მისი ხელმძღვანელობით 1996 წელს თსუ საქართველოს ისტორიის კათედრასთანჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია.