ე.წ. სტამბოლის ბაზარში ოთხი პირის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულსა და მის ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო. გიორგი ორველაშვილს ბრალად ედება რუსთავში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოთხი პირის განზრახ მკვლელობა და ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ხოლო მის ძმას – გოგიტა ორველაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე აქვს ბრალი წაყენებული. გოგიტა ორველაშვილის ადვოკატმა სასამართლოს ბრალდებულის 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ორივე პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. შემდეგი სასამართლო სხდომა 5 აპრილისთვის ჩაინიშნა.