აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი ბავშვი, რომელსაც ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ოჯახში იმყოფება
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი მცირეწლოვანი, რომელსაც სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, მინდობით აღზრდით, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ოჯახს გადასცეს.
საქმე ეხება, დაახლოებით 10 დღის წინ, მომხდარ შემთხვევას, როდესაც 2 წლისა და 9 თვის ბავშვი ოკუპირებული ტერიტორიიდან, სხვადასხვა დაზიანებით, ზუგდიდის ჰოსპიტალში მიიყვანეს.
ექიმების განმარტებით, პაციენტს რბილი ქსოვილის დაზიანება აღენიშნებოდა. ბავშვი უკვე გაწერეს საავადმყოფოდან. ამ დროისთვის მცირეწლოვანი ერთ-ერთ ოჯახში იმყოფება და დედას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოინახულოს.
ბავშვის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.