41 წელი პატრიარქის აღსაყდრებიდან. 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინტრონიზაცია გაიმართა, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო.
ქართველი პატრიარქების უძველესი მიტრა ილია მეორეს მანგლელმა და ალავერდელმა ეპისკოპოსებმა დაადგეს. აღსაყდრებამდე სიონის ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთორმეტე საეკლესიო კრება ჩატარდა, სადაც ფარული კენჭისყრით ილია მეორე 44 წლის ასაკში პატრიარქად ერთხმად აირჩიეს.
პატრიარქის აღსაყდრების დროს ქვეყანაში საბჭოთა რეპრესიების გამო ტაძრების და სასულიერო პირების რაოდენობა მკვეთრად იყო შემცირებული. სწორედ ილია მეორის სახელს უკავშირდება ეკლესიის და საზოგადოების კიდევ უფრო მეტად დაახლოება, უამრავი ეკლესია-მონასტრის აღდგენა, ახალი ტაძრების მშენებლობა, სასულიერო პირების რაოდენობის და მრევლის ზრდა, საერთაშორისო საეკლესიო კონფერენციების მოწყობა, საერთაშორისო კონტაქტების გაძლიერება, ამ გზით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართლმადიდებელი სამყაროსთვის უკეთ გაცნობა და პატრიარქის ძალისხმევის შედეგად 1990 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის აღდგენილი ავტოკეფალიის აღიარება.
ილია მეორის წვლილი განსაკუთრებულია 2008 წლის ომის მსხვერპლი ქართველი სამხედროების ცხედრების გადმოსვენების პროცესში. პატრიარქობის გზას ქვეყნის სულიერი წინამძღოლი მზიან ღამეს ადარებს, ამ პერიოდზე მან გუშინდელი ქადაგების დროსაც ისაუბრა და ბრძანა, რომ მადლობელია მრევლის, რომლის დახმარებით და შემწეობითაც, როგორც თავად ამბობს, უფლის მიერ დაკისრებული მძიმე ჯვრის ტარება შეძლო.
პატრიარქის აღსაყდრებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღვთისმსახურება დილის 10 საათზე სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართება.