დაშვებული დროშები ქვეყნის უახლესი ისტორიის ტრაგიკული დღის გასახსენებლად – დღეს 27 სექტემბერია.
31 წლის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა. ცეცხლში გახვეული ქალაქი, ალყაში მოქცეული უზენაესი საბჭოს შენობა, მთავრობის დახვრეტილი წევრები, ათასობით მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულები, დევნილად ქცეული ასეულ ათასობით ადამიანი და ფეხით გამოვლილი ჭუბერი – უმძიმესი კადრები, რომლებიც ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდა. 13-თვიანი და 13-დღიანი ომი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით, სოხუმზე გადამწყვეტი შეტევით, უთანასწორო ბრძოლით და აფხაზეთის დაკარგვით დასრულდა. რუსეთის მიერ ზურგგამაგრებული სეპარატისტების მიერ სოხუმზე ყველა მხრიდან მიტანილი იერიშებიდან 31 წლის შემდეგაც აფხაზეთის რეგიონი ოკუპირებული რჩება. დეოკუპაცია, დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ქვეყნის მთავარ ამოცანას წარმოადგენს. წლების შემდეგაც არ ნელდება ის ტკივილი და განცდები, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილებმა 92-93 წლებში გამოიარეს. ისტორიები მძიმედ მოსასმენია.