ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 დეპუტატის კრიტიკა საქართველოს ხელისუფლებას. კანონმდებლებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, სადაც აღნიშნულია, რომ არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარების მისაღწევად საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა შეწყვიტონ ანტიდემოკრატიული ქმედებები და შეცვალონ კურსი. დოკუმენტში ასევე საუბარია, თუ როგორ „ემზადება მმართველი პარტია არჩევნების მოპარვისთვის“. ოპოზიციის ნაწილი ევროპის საბჭოსგან მიღებულ მორიგ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. სახელისუფლებო გუნდში კი ამბობენ, რომ აღნიშნული დეკლარაცია არ გამოხატავს ევროპის საბჭოს პოზიციას და ის მხოლოდ რამდენიმე კანონმდებლის მოსაზრებაა. რაც შეეხება დოკუმენტის ერთ-ერთ ავტორს, ერიკ კროსს, ის 2007-2008 წლებში მიხეილ სააკაშვილის მრჩევლად მუშაობდა. საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტს 612 დეპუტატიდან, მხოლოდ 24 აწერს ხელს.