23 თებერვალს ქვეყანა იუნკრებს იხსენებს

1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის ეზოში ღონისძიება გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, თბილისის მერმა და მოწვეულმა სტუმრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღევანდელი დღე გვახსენებს, რომ ქართველი ერი ოკუპაციას არასდროს ურიგდება. 1921 წლის თებერვალში რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლას იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა. ბრძოლების ძირითადი ნაწილი კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. 1921 წლის 25 თებერვალს კი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა.

იუნკრების ხსოვნას დღეს პატივი მიაგო საქართველოს პრეზიდენტმაც. კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლისას დაღუპული იუნკრების მემორიალი სალომე ზურაბიშვილმა გვირგვინით შეამკო, მოგვიანებით კი პარლამენტის ეზოშიც იმყოფებოდა და ყვავილებით შეამკო იქ არსებული მემორიალური დაფა. დღეს პრეზიდენტი პარლამენტში იუნკრების ხსოვნისადმი გამართულ ღონისძიებას არ დასწრებია, სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნულ ღონისძიებაზე პარლამენტის მიერ მიწვეული არ ყოფილა. ფაქტთან დაკავშირებით, დღეს განმარტება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ.