პარლამენტში გრძელდება 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა. ფინანსური დოკუმენტის თანახმად, მომავალი წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 31 მილიარდ ლარს აღემატება. დაგეგმილია სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების სრულად დაფინანსება. რეალური ეკონომიკური ზრდა გათვალისწინებულია 5,5%-ის ოდენობით, ხოლო ინფლაციის პროგნოზი მიმდინარე წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და 1,5%-ს შეადგენს. ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებისთვის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 870 მლნ ლარზე მეტით, განათლების და მეცნიერების მიმართულება კი 370 მლნ ლარზე მეტით. მოიმატებს თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსებაც, დაახლოებით 330 მლნ ლარით. 2022 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2025 წელსაც გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა.