სახელმწიფო ბიუჯეტი იზრდება

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი კორექტირებულია. შეცვლილი ვარიანტი უკვე პარლამენტშია. დეპუტატებს ახლა 20 ნოემბრამდე აქვთ ვადა იმისთვის, რომ დოკუმენტი საკუთარი შენიშვნებით მთავრობას დაუბრუნონ. 2024 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 28,5 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ პირველად ვერსიასთან შედარებით ბიუჯეტის შეცვლილი პროექტი 700 მილიონით გაიზარდა. პრიორიტეტული სფეროებია ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურა. იზრდება პენსიები და საჯარო მოხელეების ხელფასები. სიახლეებია ჯანდაცვის პროგრამებშიც. ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონრებს წამლები სრულად დაუფინანსდებათ, გათვალისწინებულია სოციალური დახმარებების პაკეტების და კომპენსაციების ზრდა გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვისაც. დამატებით თანხა გამოიყო ანაკლიის პროექტისთვის, რომლის მშენებლობის დაწყება დღეს გაზაფხულისთვის დააანონსეს. ბიუჯეტის პროექტის გარშემო ხმაურიანი განხილვებია მოსალოდნელი, რადგან ოპოზიციამ პირველადი ვერსია ამჯერადაც დაიწუნა.