2023 წლის ბიუჯეტი

ვისი დაფინანსება გაიზრდება 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საბოლოო ვერსიაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება პროექტის წინა ვარიანტთან შედარებით, თითქმის 60 მილიონით არის გაზრდილი და ჯამში 6 მილიარდ 858 მილიონ ლარს აჭარბებს.

ბიუჯეტის პროექტის გათვალისწინებით, ყველა კატეგორიის პენსიონერთათვის იზრდება პენსია, ასევე, დაგეგმილია ზრდა სოციალური დახმარებების კუთხით. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს 2023 წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების 50 ლარით ზრდას. ასევე ცვლილებებია დეკრეტულ შვებულებებთან დაკავშირებითაც. კერძოდ, სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ, ხოლო კერძო სექტორში დასაქმებულების განსაზღვრული დახმარება გაორმაგდება და 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარით განისაზღვრება. გარდა ამისა, კორონავირუსის მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირების ხარჯზე, გაზრდილია საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც, ქრონიკული მედიკამენტების ქვეპროგრამის გაფართოებაა გათვალისწინებული.